საკუთარი თავის ღმერთის თვალით დანახვა

„…ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად“. –  1 იოანე 4:4 (NKJV)

რა სიტუაციასაც არ უნდა უმკლავდებოდე ახლა და რაც არ უნდა გელოდებოდეს მომავალში, გახსოვდეს, რომ ღმერთმა უკვე მოგანიჭა მის დასაძლევად საჭირო რწმენა. შეიძლება ასე არ ფიქრობდე ანდა შესაბამის ძალას არ გრძნობდე, რომ გაუმკლავდები, მაგრამ ღმერთის რწმენა ჩვენ გარემოებებზე და შეგრძნებებზე არაა დაფუძნებული.

მტერს სურს გეგონოს, რომ ცხოვრებაში შანსი არ გაქვს, რომ ძალიან სუსტი ხარ, ძალიან ღარიბი და ა.შ. მაგრამ ღმერთი შენზე სხვა აზრისაა. ღმერთი შენ სიყვარულის თვალით გიყურებს. ის ხედავს ვინ ხარ უფალ იესო ქრისტეში, ვინ შეგიძლია იყო, რა ჩადო მან შენში და არა ის, რასაც სხვა ადამიანები შეიძლება ხედავდნენ შენში.

საკუთარი თავის ღმერთის თვალებით დანახვა გამარჯვებული ცხოვრების საწინდარია.

მაგრამ ამისათვის რწმენაა საჭირო. არ არის საკმარისი გესმოდეს, რომ ღმერთს უყვარხარ, რომ მისი შვილი ხარ, ამის უნდა გწამდეს. ცხოვრებაში წინსვლისათვის და სხვადასხვა სახის სირთულეების გადასალახავად რწმენა გვჭირდება. რწმენა არაფერს გარგებს, თუ შენ მას არ გამოათავისუფლებ. რწმენის ასამოქმედებლად, შენ მისი გამოთავისუფლება გჭირდება.

რწმენის გამოთავისუფლება სიტყვების, მოქმედებების და რასაკვირველია ლოცვის მეშვეობით ხდება. აღნიშნული ქმედებები ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

1 იოანე 4:4 წმინდა წერილის ის ადგილია, რომელსაც ქრისტიანი ადამიანები ხშირად იმეორებენ. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ამ მუხლს ეკლესიაში ან კონფერენციაზე ვიმეორებ, ყველა სიხარულით ივსება. მაგრამ, რამდენ ადამიანს ჭეშმარიტად სწამს იმისა, რომ  ის, ვინც ჩვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად?

ჭეშმარიტება ისაა, რომ ის ვინც შენშია, უფრო მეტია და შენ მას უყვარხარ. ამიტომ, საკუთარ თავს ღმერთის თვალებით შეხედე. მნიშვნელობა არ აქვს, რას ხედავ ანდა რას ცდილობს მტერი, რომ დაგანახოს. ჩვენი რწმენა ყოვლისშემძლეა ჩვენი მოყვარული უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით!

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მწამს, რომ გიყვარვარ და რომ სირთულის გამკლავების ძალა მომეცი. როგორც შენი შვილი, შენს მიერ ჩემთვის ყოველდღე ბოძებული რწმენის შესაბამისად მოვიქცევი, შენ მოგენდობი და ჩემი ცხოვრების გზაზე შექმნილ ყველა სირთულეს გადავლახავ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon